როსტომი (ასევე როსტომ ხანი, ხოსრო მირზა, ქაიხოსრო ბატონიშვილი, დ. 1565 — გ. 1658წწ, თბილისი), ქართლის მეფე 1633-1658წწ, ქართლ-კახეთის მეფე 1648-1656წწ. დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე. აღიზარდა ირანში. აბას I-მა იგი თავისი გვარდიის სარდლად (ყულარაღასად) დანიშნა, შემდეგ კი ისპაანის მოურავიც გახდა. ქართველების თვალსაზრისით, როსტომი მეფე იყო, რომელიც თავს ირანის ვასალად აღიარებდა, შაჰი კი ქართლს ირანის პროვინციად მიიჩნევდა და როსტომს თავის მოხელედ თვლიდა.როსტომის გამეფებით ირანისა და ქართლის ურთიერთობაში ერთგვარი კომპრომისი დამყარდა. ირანი უცვლელად ტოვებდა ქართულ სოციალურ-ეკონომიურ წყობას, ტახტსაც ბაგრატიონთა დინასტია ფლობდა, თუმცა მაჰმადიანობის პირობითა და "ვალის" ტიტულით. "გურჯისტანის ვალის" ხარკი და საჩუქრები უნდა ეძლია ირანისათვის. როსტომმა ქართლში გამეფებისთანავე თბილისის, გორისა და სურამის ციხეში ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენა, ირანიდან ჩამოყოლილ ქართველ თავად-აზნაურებს მამულები უბოძა, მოხელეებად თავისი მომხრეები დანიშნა. 1648 წელს შაჰის დავალებით კახეთში ილაშქრა, თეიმურაზ I განდევნა და კახეთი დაიკავა. ჩამოსვლისთანავე ცოლად შეირთო ლევან II დადიანის და მარიამი.როსტომი ზრუნავდა ქალაქებისა და ვაჭრობის განვითარებაზე. 1639 წელს ბრძანებით აღკვეთა თბილისის მებაჟეთა თვითნებობა, ზოგიერთი ვაჭარი ბაჟისაგან გაათავისუფლა, ზოგიერთს ბაჟი შეუმსუბუქა, მდინარე ქციაზე, განჯის გზაზე, ხიდი და ქარვასლა ააგო, მდინარე თეძმის პირას ქალაქი ააშენა (ახლანდელი ახალქალაქი), თბილისში, მდინარე მტკვრის პირას — სამეფო სახლი. როსტომის მეფობის წლებში სამეფო კარზე და მაღალ ფეოდალურ არისტოკრატიაში მაჰმადიანობა და ყიზილბაშური წეს-ჩვეულებანი გავრცელდა. იგი არ ავიწროებდა ქრისტიანებს, ხელს უწყობდა მარიამ დედოფალს დანგრეული და დაზიანებული ეკლესიების აღდგენაში. როსტომმა ზოგიერთი ქართული სახელი ყიზილბაშურით შეცვალა, მაგრამ ქართული სამოხელეო წყობილება ძირითადად უცვლელი დარჩა. როსტომის რეფორმები ქართულ საზოგადოებრივ და სამეურნეო წყობას არ შეხებია.უშვილო როსტომი 30-იან წლებში იმერთა მეფის გიორგის ვაჟის, მამუკას, მემკვიდრედ გამოცხადებას აპირებდა, მაგრამ ეს საქმე ჩაიშალა. 1642 წელს სიმონ II-ის შვილიშვილი ლუარსაბი იშვილა, მაგრამ იგი 1652 წელს მოკლეს. 1653 წელს როსტომის მემკვიდრედ აირჩიეს ბაგრატიონების გვერდითი შტოს მუხრანბატონების წარმომადგენელი ვახტანგი (შემდეგ ვახტანგ V), რომელიც როსტომის ავადმყოფობის დროს ტახტს განაგებდა. დაკრძალულია ირანში, ქ. ყუმში.
No comments:
Post a Comment