ვახტანგ VI-ის
მეფობა.
ვახტანგმა თავიდანვე დაიწყო ქვეყანაში წესრიგის აღდგენა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართული ეროვნული წეს-ჩვეულებები. შექმნა "მცველთა ჯარი" ანუ სამეფო გვარდია, რითაც დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გაფართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვ., რაც მის მიერ შედგენილ დასტურლამალში აისახა. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი კანონთა კრებული. იყო ე. წ. "ბატონყმური რიგის" მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება. მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას, მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ქართული სინამდვილისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კრებულის ძირითადი ნაწილი - "სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა". ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისათვის ვახტანგ VI-ს "სჯულმდებელი" უწოდეს. ასევე ვახტანგ VI-მ 1707-1709 წლებში შექმნა „დასტურლამალი“. ძეგლიდან ჩანს, რომ მასში შესული მთელი საკანონმდებლო მასალა ვახტანგ VI-ს არ ეკუთვნის. დასტურლამალი არის სხვადასხვა დროს შედგენილი დასტურლამების ანუ გარიგების წიგნთა თუ დებულებათა კრებული, რომელიც ვახტანგ VI-მ სისტემურად დაალაგა, ბევრი თავისი დებულებითაც შეავსო და ერთიან სჯულდებად აქცია.
1711 წელს სპარსეთის შაჰის ხელდასმით ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსე გახდა, მაგრამ იმის გამო, რომ ვახტანგმა უარი თქვა ისლამზე მოქცეულიყო, ის საკმაო ხნის მანძილზე იმყოფებოდა მძევლად ისფაჰანში.
ვახტანგ VI-ის მეფობის ხანაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მრჩევლის სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობა. ვახტანგმა მისი დახმარებით აქტიური დიპლომატიური საქმიანობა წამოიწყო დასავლეთ ევროპასთან კავშირის დასამყარებლად. ვახტანგის დავალებით სულხან-საბა ევროპაში გაემართა.
1714 წელს სულხან-საბა ლუი XIV-მ მიიღო ვერსალში. საქართველოს ელჩმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საფრანგეთის სამეფო კარზე. სულხან-საბას განცხადებით, ქართველები მზად იყვნენ მიეღოთ კათოლიკობა თუ კი ევროპა მათ დაიცავდა მუსლიმი მეზობლებისაგან. იმავე წელს სულხან-საბა რომში ჩავიდა და პაპ კლემენტ XI-ს შეხვდა.
ქართლის მეფე ირანში ფაქტობრივად ტყვეობაში იმყოფებოდა. მასთან კონტაქტი, შესაბამისად, უკიდურესად რთული იყო. გარდა ამისა, ირანული დიპლომატია საფრანგეთში სულხან-საბას წინააღმდეგ მოქმედებდა.
საფრანგეთის მთავრობას უმთავრესად ირანისა და ოსმალეთის ბაზრები აინტერესებდა და პატარა ქრისტიანული საქართველოს მხარდაჭერით, თუმდაც კათოლიციზმის მიღების შემთხვევაში, მკვეთრად არ დაუპირისპირდებოდა ირანსა და ოსმალეთს და, შესაბამისად, არ დაუშვებდა საკუთარი ინტერესების შელახვას რეგიონში. ამდენად, სულხან-საბას მისიის მიზანი - ევროპის პოლიტიკური მფარველობის მოპოვება, თავიდანვე წარუმატებლობისათვის იყო განწირული.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, ორბელიანის ევროპული მოგზაურობა მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. სულხან-საბასთან და ვახტანგ მეექვსესთან დაახლოებული კათოლიკე ბერი ჟან რიშარი აღჭურვეს სარეკომენდაციო წერილებით და ამ უკანასკნელს დაავალეს კონსულის მოვალეობის შესრულება საქართველოში.
სულხან საბას წერილიდან საფრანგეთის მეფისადმი და სახელმწიფო მინისტრ მარკიზ დე პონტშარტრენისადმი:
„თუ ვახტანგი, საქართველოს მეფე, დარჩება ისფაჰანში, საქართველოს აშკარად ემუქრება მთლიანად გამაჰმადიანება...
თუ ის დაბრუნდა საკუთარ სახელმწიფოში, ქართველები არა მხოლოდ შეინარჩუნებენ ქრისტიანულ რელიგიას, არამედ მიიღებენ კათოლიკობასაც მათი მეფის მაგალითზე, რომელიც ამის გაკეთებას აპირებს. მეფის სურვილი უფრო დიდიცაა: მას სურს აღჭურვოს მისიონერები ეფექტური საშუალებებით საქართველოს მეზობელი ჩრდილოკავკასიელი ხალხების მოსაქცევად...
დახმარებისთვის საკმარისი იქნება 300 000 ეკიუ.“
ვახტანგ VI ქირმანში გადაასახლეს, სადაც 1719-მდე დაჰყო. ამავე 1719 წელს მანამდე ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. მოღვაწეობის მეორე პერიოდში (1719-1724) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ძველი საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება ამიერკავკასიის ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა.საქართველო კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ვახტანგ VI საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანულ რუსეთთან კავშირის ტრადიციულ კურსს მისდევდა. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა პეტრე I-თან, რომელიც, იმჟამად, კასპიის ზღვის სანაპიროების შემოერთებისათვის იბრძოდა. სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარიც მზად იყო შეერთებოდა რუსთა ჯარს ირანის წინააღმდეგ. შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ლაშქრობა შეუძლებელი გახადა. 1723 აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალები დაეპატრონენ. 1724 ვახტანგ VI თავისი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. ქვეყნის მიტოვება და მხოლოდ გარეშე ძალაზე იმედის დამყარება იმთავითვე შეცდომად ჩაუთვალეს მეფეს მისმა თანამედროვებმაც, ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა რუსეთის დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანში, დასაფლავებულია იქვე, მიძინების ტაძარში.
ვახტანგ VI-ის კულტურულ-საგანამანათლებო მოღვაწეობა
ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი კულტურული აღორძინებით. ვახტანგ VI-ის მოღვაწეობას, მის ევროპულ ორიენტაციას, უთუოდ ამჩნევია მისი ბიძისა (გიორგი XI-ის) და მამის (ლევანი), აგრეთვე, მისი აღმზრდელი სულხან-საბა ორბელიანის ხელი. ვახტანგი ჯერ კიდევ გიორგი XI-ის მეფობის დროს დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს, კერძოდ კი კაპუცინებს. მათი დახმარებით 1709 წელს ვახტანგმა მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება. სიახლოვე მისიონარებთან თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა მეფის პოლიტიკას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ვახტანგის ძმა დომენტი კათალიკოსი.
ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად "ვეფხისტყაოსანი" (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, რომელშიც განხილულია თეორიული საკითხები - პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობის კვლევა და სხვა. ნაშრომი საგულისხმოა ლექსიკოლოგიური თვალსაზრისითაც. ვახტანგისეული "ვეფხისტყაოსანი" მნიშვნელოვანია როგორც პირველი მეცნიერული გამოცემის ცდა, მან დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. ვახტანგ VI-ს წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვითარებაშიც. სწავლა-აღზრდის ახლებულ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების "აპოსთეგმატას" ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია ("სიბრძნე მალაღობელი"),სპარსულიდან თარგმნა "ქილილა და დამანა", "ამირ-ნასარიანი" და სხვა
განსაკუთრებით დიდია ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბაგრატიონის წვლილი. მან თავისი ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოისა“ („საქართველოს ისტორია“) 1745 წელს რუსეთში დაასრულა. ვახუშტი ეყრდნობოდა არამხოლოდ ქართულ დოკუმენტურ წყაროებს, არამედ რუსეთში მოპოვებულ რუსულ და უცხოურ ლიტერატურასაც. თხზულებაში ის იყენებს დამხმარე და მომიჯნავე ისტორიულ დისციპლინებს - ქრონოლოგიას, გენეალოგიას, დიპლომატიკას, ეთნოგრაფიას, ისტორიულ გეოგრფიას.
მასალა მე-9 კლასელებს მიაწოდა მე-11 კლასის მოსწავლემ თამუნა ტუღუშმა
გამოყენებული ლიტ-რა: საქართველოს ისტორიის ნარკვევები
ქართული ვიკიპედია
აქ შრიფტის ფერი შეცვალე. არ ჩანს არაფერი.
ReplyDeleteუფრო სწორად ლინკების..
Delete